Bofill
Les Colonnes de Saint-Christophe Cergy-Pontoise
საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ხშირად დგამენ ხელოვნების ნიმუშს, იქნება ეს ძეგლი, ქანდაკება, თუ ნებისმიერი სხვა. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ეს ახალი ურბანული დასახლებაა და ამ გზით, მისი გამრავალფეროვნება სურთ. Les Colonnes de Saint-Christophe-ის სოციალური საცხოვრებელი კომპლექსის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. აქ ყველაფერი დენი კარავანის მასშტაბური სკულპტურით დაიწყო და საცხოვრებელი კომპლექსი მისი შთაგონების საფუძველზე გაჩნდა. პროექტი სერჟი-პონტუაზის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შეიქმნა. მისი მიზანი იყო ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც ამავდროულად სამოქალაქო დატვირთვას შეიძენდა და ახალი დასახლებისთვის კეთილმოწყობილ საჯარო სივრცეს უზრუნველყოფდა.
კარავანის სკულპტურა - L’Axe Majeur - 3 კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს. მარშრუტში მოქცეულია მთლიანი პეიზაჟი მთავარი მოედნიდან (Place des Colonnes), მდინარე უაზას მეორე ნაპირამდე. გზად გვხვდება თორმეტი პუნქტი - ბაღები და კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშები. ყველაზე შემაღლებულ ადგილას ობელისკი დგას - 36-მეტრიანი ქვისგან გამოთლილი სვეტი, რომელსაც კიბეები და გადმოსახედი აქვს. სწორედ ეს არის ამ მონუმენტის საწყისი წერტილი.
Les Colonnes საცხოვრებელი კომპლექსი კარავანის სკულპტურის გეომეტრიას მიჰყვება. ექვსსართულიანი შენობა გარს აკრავს მონუმენტს და ნახევარმთვარის ფორმას ქმნის. ეს არქიტექტურული გადაწყვეტა ჯონ ნეშის დაპროექტებულ ოქსფორდის ცირკსა და ინგლისის ცნობილ ქუჩას - Royal Crescent-ს მოგვაგონებს. სვეტი შენობის მიმართ 1.5 გრადუსით არის დახრილი. ნაგებობაში ამოჭრილია ზუსტად იმავე სიგანის ღიობი, რამხელაც თავად ობელისკია. ამ გზით, მთავარი ღერძის გასწვრივ პეიზაჟი არ იფარება. ნახევარმთვარის ფორმის ნაგებობის მოპირდაპირე მხარეს ორი სიმეტრიული ოთხსართულიანი შენობაა თავისი შიდა ეზოებით. ეს ორი შენობა ერთმანეთს ჯვარედინი ფორმის მოედნით უკავშირდება. მათ გასწვრივ მაღაზიებია განლაგებული. ასე იკვრება მოედანი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში, თითოეულ ბინას აქვს ორმხრივი ხედი შემინული ფასადით, რაც აპარტამენტებს გამორჩეულად ნათელს ხდის. ეზოს მხარეს ფანჯრები ჯორჯიანული ფრონტონებით არის გაფორმებული. ნახევარმთვარის ფორმის შენობაზე კი გიგანტურ დორიულ სვეტებს შორის შუშის ვიტრაჟებია.








