
მემკვიდრეობა
ისტორიული საცხოვრებელი სივრცე
შენობა კვების მრეწველობის სამინისტროს დაკვეთით, გასული საუკუნის ერთ-ერთმა წამყვანმა არქიტექტორმა, მიხეილ ნეპრინცევმა დააპროექტა. ეს უნდა ყოფილიყო ჩაის ადმინისტრაციული ცენტრი, საიდანაც 97 ჩაის ქარხანა და რეგიონული პლანტაციები იმართებოდა. მოგვიანებით, ამ ადგილას სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განთავსდა, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა.
ნაგებობა ათწლეულების განმავლობაში თბილისის ურბანული იერსახის განუყოფელ ნაწილად იქცა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც დაიმსახურა. მისი ფორმები, პროპორციები და მშენებლობაში გამოყენებული მასალები ზუსტად ასახავს თავისი ეპოქის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ დეტალებს. დროთა სვლის მიუხედავად, შენობა კვლავ განაგრძობს არსებობას. თავისი ხანგრძლივი წარსულით ის ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ორიენტირია.

1936
ადმინისტრაციული შენობა

1941
სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1987
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
შენობის მნიშვნელოვანი დეტალები

სვეტები
მასიური სვეტები ზუსტად იმეორებს სტალინის ეპოქის არქიტექტურას. სიმტკიცით, სიმყარით, ანტიკურობისთვის დამახასიათებელი ელემენტებით, ისინი მნახველს მუდმივობის, მოკრძალების განცდას უჩენს. ეს დეტალები ნაგებობას სოციალისტური რეალიზმის ერთ-ერთ ნიმუშად აქცევს.
კაპიტელი
შენობის ჩუქურთმები ანტიკური ხანის არქიტექტურით არის შთაგონებული. ამის მაგალითია კორინთული ორდერის კაპიტელი, რომელიც ნათლად ასახავს, როგორ იმეორებს საბჭოთა მონუმენტალიზმი ბერძნული არქიტექტურის ესთეტიკას, რათა ტრადიციების უწყვეტობის, სრულყოფისკენ სწრაფვის შთაბეჭდილება შექმნას.


თაღედი
ტრადიციული ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ თაღებს ნაგებობაში ეროვნული ხასიათი შემოაქვს. ამ დეტალს ხშირად ვხვდებით XX საუკუნის დასაწყისის ქართულ არქიტექტურაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შენობა თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
თაღები ბოფილის ხელწერით
აღდგენითი სამუშაოების შემდეგ შენობას დაემატა თაღები, რომლებიც რიკარდო ბოფილის ხელწერას იმეორებს. ინდუსტრიული სტილი კლასიკურ გეომეტრიულ ფორმებს ერწყმის. ორი ეპოქის - წარსულისა და აწმყოს დიალოგის ფონზე დროში უწყვეტობის განცდა იქმნება.

არქიტექტურული მემკვიდრეობა
ეს შენობის ისტორიაში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია. ცვლილებების მიუხედავად, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, მისი თავდაპირველი იერსახისთვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი დეტალები ხელუხლებლად იქნება შენარჩუნებული. ნაგებობა არ კარგავს თავის იდენტობას. ის იძენს ახალ ფუნქციას. მისი ისტორია წარსული მემკვიდრეობის გადააზრებით და მისი თანამედროვეობის საჭიროებებზე მორგებით გაგრძელდება.





