Journal
არქიტექტურა & დიზაინი
კოსტავას ქუჩის ქრონიკები
არქიტექტურა & დიზაინი

იმობილიარეს პირველი პროექტი კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ეს ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბანია, რომელიც მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის და შოთა რუსთაველის მოედნიდან გმირთა მოედნამდე გრძელდება. ეს ტერიტორია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია.
საბჭოთა პერიოდში ამ ქუჩას ჯერ ლენინის ქუჩის, მოგვიანებით კი ლენინის გამზირის სახელით მოიხსენიებდნენ. 1989 წელს მას სახელი შეეცვალა და იმავე წლის ოქტომბერში ტრაგიკულად დაღუპული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მუსიკოსისა და დისიდენტის, მერაბ კოსტავას სახელი ეწოდა.
ისტორიული შენობები კოსტავას ქუჩაზე
კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობების დიდი ნაწილი XIX საუკუნის მიწურულს, XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. არქიტექტურაში სხვადასხვა მიმდინარეობისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ვხვდებით - არტ-ნუვო, ფსევდოკლასიციზმი, ფსევდორენესანსი. ამ ქუჩაზე ექვს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წარსულში ეს ტერიტორია ძველი თბილისის გარეუბნად მიიჩნეოდა. მას ვარდისუბანს ეძახდნენ. ნელ-ნელა ქალაქი დღევანდელი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაფართოვდა, რის შემდეგაც, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, უბანმა საბოლოო სახე მიიღო.
კოსტავა 12
ეს შენობა 1910 წელს რუსმა არქიტექტორმა ა. ოზეროვმა ააშენა, ხოლო ფასადის ჩუქურთმები თბილისელ ოსტატს, ავეტიკ ჩმარიტიანს ეკუთვნის. ნაგებობა იმ პერიოდის ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, მიქაელ არამიანცის დაკვეთით შეიქმნა. ის განკუთვნილი იყო ევგენია შხიანცისთვის, ახალგაზრდა ქალისთვის, რომელზეც არამიანცი დაქორწინებას აპირებდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში მოწყობილი თაღოვანი გასასვლელი ამ შენობასაც შეეხო, თუმცა მის ზემოთ არსებული ფასადი ხელუხლებლად გადარჩა.
სტილისტურად ნაგებობა არტ-ნუვოს სხვადასხვა მიმდინარეობის ერთიანობაა, რასაც თან ერთვის ჩრდილოევროპული ელემენტები. მის ექსტერიერში გვხვდება შემდეგი დეტალები - თეთრი აგურის კედლები, კოშკურა პირამიდის ფორმის სახურავით, ფახვერკული კონსტრუქციის იმიტაცია, ხის აივანი და ლითონის აჟურული მოაჯირები. კოშკის კუთხეში დათვის პატარა ქვის ქანდაკებაა, რომელიც უკანა ფეხებზე დგას, თუმცა არა უცხო თვალისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას.

კოსტავა 14
შენობა, რომელსაც მთელი კვარტალი უჭირავს, 1961 წელს არქიტექტორებმა - დავით მოსეშვილმა და ილია ტარასაშვილმა ააგეს. ეს უნდა ყოფილიყო საბეჭდი სტამბა. საბჭოთა დროს აქ გაზეთების - „კომუნისტისა“ და „სამშობლოს“ - რედაქციები იყო. ექვსსართულიანი მართკუთხა შენობა, თავისი ფართო ღიობებითა და სიმეტრიული განლაგებით, მასშტაბური საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. დღეს აქ სასტუმრო „სტამბაა“ განთავსებული. რეკონსტრუქციის დროს სრულად შენარჩუნდა ძველი ფასადი და შენობის შიგნით არსებული საბეჭდი დაზგებიც კი.

კოსტავა 25
ქართველი კრიტიკოსის, მთარგმნელის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი 1905 წელს არქიტექტორმა ა. ოზეროვმა ააშენა. სამსართულიანი შენობა სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობის ნაზავია. შენობის ექსტერიერში რენესანსის ელემენტები და გოთიკური დეტალებია გამოყენებული.
ერკერი, დეკორატიული თაღის ქვეშ მოქცეული წყვილი თაღოვანი სარკმელი და ლითონის აჟურული შპილით დაგვირგვინებული საფეხუროვანი პარაპეტი შენობის კუთხეს დასრულებულ, მთლიან სახეს აძლევს. ფაქტობრივად, ეს არის ნაგებობის ძირითადი ფასადი, რომელიც მიმდებარე განაშენიანების მთავარ არქიტექტურულ ნიშად აღიქმება.

კოსტავა 38
ჩაჩავას კლინიკის შენობა 1912 წელს პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ ააგო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში თბილისში მოღვაწეობდა. პროექტი ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებისთვის შეიქმნა. თბილისში სამშობიარო სახლი ჯერ კიდევ 1873 წელს დაარსდა, 1875 წელს კი მის ბაზაზე ამიერკავკასიაში პირველი მეანობის ინსტიტუტი გაიხსნა. 1912 წლიდან ეს ნაგებობა დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ეკავა და იგი დღემდე ინარჩუნებს სამედიცინო პროფილს. ოთხსართულიანი შენობის ფასადი იმ პერიოდისთვის მოდურ არტ-ნუვოს (მოდერნს) მიჰყვება, თუმცა ამ სტილისთვის უჩვეულოდ სადა პლასტიკით გამოირჩევა. მართკუთხა კარ-ფანჯრები კედლის ზედაპირს სიმეტრიულად ყოფს.

სამოქალაქო ცხოვრება
ქუჩას განსაკუთრებულ იერსახეს სძენს სხვადასხვა კულტურული ძეგლი - მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ (არქიტექტორი ივანე ჩხენკელი), გ. თვრინელის „სწრაფვა“, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი და მერაბ კოსტავას ბიუსტი (მოქანდაკე კ. არუნაშვილი, არქიტექტორი მ. იორდანიშვილი).
ამ ტერიტორიაზე არაერთი ინსტიტუციური შენობაა - ყოფილი საგამომცემლო სახლი, ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი, კინოთეატრი „ამირანი“ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. აქვეა თავმოყრილი წამყვანი სამედიცინო ცენტრებიც: ჟორდანიას, ჩაჩავასა და პერინატალური სამედიცინო კლინიკები. 2007 წელს ქუჩის დასაწყისში ყვავილების ბაღი მოეწყო და მიმდებარე ტერიტორიაც სრულად გამწვანდა.
უბნის შესახებ
კოსტავა 49 ამ უბნის განუყოფელი ნაწილია. მის გარშემო არსებული შენობები საუკუნეზე მეტს ითვლის. ის ინსტიტუციები, პარკები და სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებითაც მაცხოვრებლები ყოველდღიურად სარგებლობენ, ამ პროექტის დაწყებამდე გაცილებით ადრე უკვე არსებობდა. ქუჩის ერთ მხარეს რუსთაველის მოედანი და მეტროსადგურია, მეორე მხარეს კი - გმირთა მოედანი. ორივე ფეხით სავალ მანძილზეა. ვერის ბაღი, კინოთეატრი „ამირანი“, ჭადრაკის სასახლე და სამედიცინო კლინიკების კომპლექსიც ზუსტად ამავე ქუჩაზე მდებარეობს.
თავად კოსტავას 49 ასევე ისტორიული შენობაა. თავდაპირველად იგი ჩაის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რომელიც კვების მრეწველობის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. პროექტის ავტორი მიხეილ ნეპრინცევია - არქიტექტურის სფეროში გასული საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. თავიდან შენობა იყო სათავო ოფისი, საიდანაც 97 ჩაის ქარხანა და რეგიონული პლანტაციები იმართებოდა. მოგვიანებით ამ ადგილას კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განთავსდა, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა.
დღეს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი ფორმები, მასალები და პროპორციები ზუსტად ასახავს იმ ეპოქის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ დეტალებს. ათწლეულების შემდეგ, ამ ისტორიულ ნაგებობას ახალი სიცოცხლე შესძინეს. იმობილიარეს პირველი პროექტის ფარგლებში, ის საცხოვრებელ სახლად გარდაიქმნება.
Bofill film title
Located outside Barcelona, an abandoned cement factory was transformed by preserving its industrial past. Original silos and concrete shells were repurposed into studios and offices, layered with lush gardens that soften the raw structure. This ongoing project treats architecture as a continuous evolution, where the factory’s past and modern life coexist in a living, breathing environment.